ყველასა და ყველაფრის პატრონია ადამიანი ამქვეყნად, გარდა ერთი გამონაკლისისა - საკუთარ თავს ვერ დაეუფლა ვერაფრით,- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

"ფიქრი წინ უსწრებს დროს და ამას ქართულად "განჭვრეტა" ჰქვია.

ადამიანს ეს რომ შეუძლია, ამიტომაც დაეუფლა სამყაროს.

ბიბლიის თანახმად, ეს უნარი მას ღმერთმა უბოძა, რაკი კაცი შექმნილი ქვეყნის გვირგვინად და პატრონად ჩაიფიქრა.

ყველასა და ყველაფრის პატრონია ადამიანი ამქვეყნად, გარდა ერთი გამონაკლისისა - საკუთარ თავს ვერ დაეუფლა ვერაფრით.

საუკუნეებია მოგვიწოდებს დელფოსის ტაძრის წარწერა: "შეიცან თავი შენი", მაგრამ ეს მოწოდება, დიდწილად, მიუღწეველი რჩება - გაუცხოება მთავარი პრობლემაა.

ვერც მეორე მოწოდებამ (რუსთველურმა) იმოქმედა სათანადოდ: "რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა" - ეგოიზმი და უნებისყოფობა ჭამს ადამიანს და მის მომავალს.

დაიბრუნე საკუთარი თავი და შემდეგ დაიბრუნებ სხვა ყველაფერს.

განჭვრიტე, ვინ იქნები დღეს", - წერს გია მურღულია.