იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობს ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას? - ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ილია დარჩიაშვილს და განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაააქტიუროს და სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი.

„მაინტერესებს ჟენევის ფორმატი. თუ გადავხედავთ სიტუაციას და ინტერესებს, რუსეთს საკუთარი ინტერესები განაღდებული აქვს, ის წარმოდგენილია საქართველოში, 40 კილომეტრშია. აშშ-ს ასეთი სტატუს-კვო აწყობს, დიდად არ არის დაინტერესებული, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. თუ ამ საკითხს გადავწყვეტთ, ისინი სხვა მხარეს აღმოჩნდებიან. ხომ არ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა და აცხადებს საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობდა ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას. თუ ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში და უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი რამ, შევაჯიბროთ ორივე ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, სადაც მთავარი წამყვანი იქნება ჩინეთი. ვნახოთ, რომელი აჯობებს. 15 წელი გავიდა და არაფერია. თქვენი მოადგილეები ყველაფერს აკეთებენ, მუშაობენ, მაგრამ ისეთი ფორმატია, რომ იმათ არაფერი შეუძლიათ. ჩვენ არ ვესაუბრებით რუსეთს, რაც არასწორია, ერთი-ერთზე უნდა ვისაუბროთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე, ამაზე მრავალჯერ ითქვა. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება სტრატეგიულ პარტნიორობაზე ჩინეთთან. ამის შემდეგ გარკვეული ფანჯარაა - სიწყნარეა. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააქტიუროს, სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი, ყველაფერი გააკეთოს ამისთვის“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.