2024 წლის 18 იანვარს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს.
აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა. 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასდა.