პარლამენტის წევრი, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საქართველოს დელეგაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებასთან დაკავშირებით.

ეკა სეფაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დატოვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, თუმცა საქართველო ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარის თქმა საქართველოს არანაირ ზიანს არ მოაყენებს, თუმცა ეს ფაქტი საზიანოა ევროსაბჭოს იმის გათვალისწინებით, რომ მათ შარშან გაუუქმეს აზერბაიჯანის წარმომადგენლობას უფლებამოსილება, წელს კი საქართველომ თქვა უარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე.

„ეს დათქმები თავისთავად იყო არასამართლიანი, არადემოკრატიული და არაევროპული მიდგომა საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის დარღვევები, ადამიანის უფლებების, არჩევნების თუ სხვა მიმართულებით, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და ეს პლატფორმა - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის სწორედ დიალოგისთვის, დემოკრატიული ინსტიტუციის გამოყენებისათვის, ერთგვარი თანამშრომლობის საშუალება. ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ თანამშრომლობის საშუალებაზე, დიალოგზე უგულებელყოფენ საქართველოს და ძალიან გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით უფლებამოსილების გამოყენებაზე და დავტოვეთ საპარლამენტო ასამბლეა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა.

სანამ ევროპის საბჭოში არ დაბრუნება ის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენთვის ძვირფასია ევროპული ინტეგრაცია, მანამდე აზრი არ აქვს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენს მონაწილეობას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ საერთოდ უარი თქვა ევროპის საბჭოზე. ჩვენ ევროსაბჭოში ვრჩებით წევრებად, მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეაში შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა. ეს არავითარ ზიანს არ მიაყენებს ქვეყანას ვფიქრობ, რომ ზიანდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმიტომ, რომ ეს არის მათი დიდი მარცხი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აზერბაიჯანის დელეგაციას შარშან შეუწყვიტეს უფლებამოსილება. ახლა კი საქართველოს დელეგაციამ დატოვა საპარლამენტო ასამბლეა. გამოდის, რომ რეგიონში ორი მნიშვნელოვანი ქვეყანა დატოვა PACE-მ დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე და ეს არის მათი მარცხი და მათი პოლიტიკის დიდი ჩავარდნა,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.