უცნაური სანქცირება - ასე აფასებს პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი აშშ-ის მიერ სანქციების პირველ პაკეტს. 

„სანქციებს რაც შეეხება, ცოტა არ იყოს უცნაური გაუმჭვირვალე სანქციებია დაწესებული ამერიკის მხრიდან. როცა 4 მოსამართლე დაასანქცირეს, არ მოერიდნენ გვარების და სახელების დასახელებას და ახლა რატომ ერიდებიან ჩემთვის გაუგებარია.

ასეთი ტიპის სანქციები, როდესაც ვიზის აღების დროს იგებს ადამიანი, რომ თურმე დასანქცირდა, ფაქტობრივად საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს. როგორც იცით, საქართველო აშშ-ის სავიზო განცხადებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. განცხადებების დაახლოებით 37 % კმაყოფილდება. ასე, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, ისედაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერანაირად ვერ იღებდა ამერიკის ვიზას. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან უცნაური დასანქცირებაა. უცნაურია იმიტომ, რომ 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა ამ კანონს და როგორ მოახდინეს არჩევა? ზოგმა მეტად მისცა ხმა და ზოგმა ნაკლებად? უცნაური ნაბიჯია აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან. რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა და გადახედვის დაწყება ასეთი ნაბიჯით, ცოტა უცნაურად მეჩვენება.“ - აცხადებს ეკა სეფაშვილი. 

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს