„ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 2021 წელს ჩაატარეს ასეთი გამოძიება, სადაც დადგინდა, რომ საქართველოში ქოლცენტრების უკან დგანან „ქართული ოცნების“ კონკრეტული მინისტრები, ძალოვნები. კარგი იქნებოდა, მათ დაუსვათ კითხვები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ის ხალხია, ვინც ახლაც საქართველოშია და წარმატებით ახორციელებს „ქართულ ოცნებასთან“ ბიზნესს. ჟურნალისტი ამ სტატიაში აღნიშნავს, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა ნოემბერში, როდესაც რეიდში მონაწილეობდა საქართველოს პოლიციასთან ერთად, ამ ქოლცენტრების წინააღმდეგ. საქართველოში თუ დარჩა ვინმე, ვისაც სჯერა, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოში კეზერაშვილს შეიძლება ჰქონოდა არალეგალური ბიზნესი, ან ძალიან მიამიტია, ან ძალიან შტერი, ბოდიში. კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო „ბიბისის“ კითხვა. არ კითხულობს „ერტეერ პლანეტას“, კითხულობს „ბიბისის“, ძალიან მისასალმებელია. ვურჩევ, წაიკითხონ ორიგინალში, ბევრ კარგს გაიგებენ. ასევე ვურჩევ, გაანებონ თავი გებელსის წიგნის კითხვას, თუ როგორ უნდა აწარმოონ პორპაგანდა, წაიკითხონ ბიბლია, წაიკითხონ კლასიკა. ბიბლიას თუ წაიკითხავენ, გაიგებენ, რომ ქურდობა და მოპარვა არის ცუდი, და ფული, რაც მოიპარეს რიკოთზე, რის გამოც ჩამოიშალა მთა, ეს არის ცოდვა და იმ სხვა სამყაროში ამ ფულს ვერ წაიღებენ. გიდასტურებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გებელსის პროპაგანდის სტილში ამოგლიჯა ამ სტატიიდან ის, რაც მათ უნდოდათ. არ თქვეს, რომ სტატიაში წერია, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ყურადღება არ მიაქციეს, რომ მათი მეგობრები არიან გამოსახულები და სცადეს ბაობაბების, ჩამოშლილი რიკოთის და მოსამართლეების სკანდალის გადაფარვა, მხოლოდ ძალიან დაბალი ხარისხით, ძალიან უანამუსოდ და ჩვენ ეს ვიხილეთ. იყო სტატია, სადაც ჟურნალისტმა თქვა, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ არ აქვს მტკიცებულებები. ჩვენ საუბარი არ გვაქვს სტატიაზე, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს და ჟურნალისტური გამოძიება არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. მინდა, შეგახსენოთ, რომ „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 2021 წელს ჩაატარეს ასეთი გამოძიება, სადაც დადგინდა, რომ ქოლცენტრების უკან საქართველოში დგანან „ქართული ოცნების“, ბოდიში, რუსული ოცნების კონკრეტული მინისტრები, ძალოვნები და ეს ხალხი ახლაც იმყოფება საქართველოში. კარგი იქნებოდა, მათ დაუსვათ შეკითხვები“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.