„როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო სიმართლის თქმა, როცა ყველაზე მეტი იყო ხიფათის რისკი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, სწორედ მაშინ თქვა „ხალხის ძალამ“ სიმართლე,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, დღეს უკვე პარტია „ხალხის ძალას“ პოზიტიური და გამორჩეული ხასიათი აქვს და იმით განსხვავდება სხვა პარტიებისგან, რომ მათ ჯერ საქმე გააკეთეს და შემდეგ ჩამოაყალიბეს პარტია.
„დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ გარდაიქმნა პოლიტიკურ პარტიად. ამაში ახალი არაფერია, რადგან ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ შესაძლებელი იყო პარტიად გარდავქმნილიყავით.
ვფიქრობ, რომ პარტია „ხალხის ძალას“ პოზიტიური, გამორჩეული ხასიათი აქვს და სხვა პარტიებისგან იმით განსხვავდება, რომ სხვები ჯერ პარტიას აყალიბებენ და შემდეგ იწყებენ საქმიანობას. ჩვენ, მოძრაობად ჩამოყალიბებიდან დღემდე, საკმაოდ მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯები გადავდგით. ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ რეალურად, ქმედითი, ხალხთან ყველაზე ახლოს მყოფი და სიმართლის მთქმელი (დღეს უკვე) პარტია.
დღეს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ წარვადგინეთ გამოცდილი პოლიტიკოსი სოზარ სუბარი, გავაცანით საზოგადოებას წესდება და ავირჩიეთ კომიტეტი.
ვფიქრობ, რომ პარტიის ჩამოყალიბებამდე ჩვენ დრო არ გაგვიცდენია. როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო სიმართლის თქმა, როცა ყველაზე მეტი იყო ხიფათის რისკი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, სწორედ მაშინ ჩავერთეთ და ვთქვით სიმართლე, რომელიც მაშინ ყურს თითქოს უჩვეულოდ ხვდებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვთქვით ხალხის სათქმელი. პოლიტიკა მაშინ დახურულ კულისებს მიღმა მიდიოდა და თანდათან ჩნდებოდა პოლიტიკური რისკები, რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო.
ჩვენი ნათქვამი სიმართლის შემდეგ თავად საზოგადოებამ გადაარჩინა ქვეყანა, რომ არ ჩავრთულიყავით ომში, რომ ქვეყანაში გარე ძალების მხრიდან საკმაოდ ინტენსიურად არ ყოფილიყო დესტრუქციული ხაზი გატარებული. გახსოვთ ალბათ ომში მიპატიჟებები, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა და სხვა. მავანს სურდა ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობა.
დადასტურდა, რომ ძალა სიმართლეშია და არა ცალ ფეხზე დგომაში, ასევე, ძალა არის გამბედაობაც. სტიგმატიზებული იყო გარკვეულ თემებზე ღიად საუბარი, გარკვეული საკითხები გარედან იფუთებოდა ისე, რომ თითქოს ჩვენს ინტერესებში შედიოდა, არადა ქვეყანა დიდი რისკების წინაშე უნდა დამდგარიყო. ასეთ თემებზე საუბარი ყველასთვის მიუღებელი და აკრძალული იყო, მოსასმენადაც - თითქოს უხეში. გამბედაობამ საზოგადოების სათქმელი უფრო და უფრო ცხადი გახადა. დღეს საზოგადოება უფრო მეტად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული.
ჩვენ ჩვენი მოძრაობით გავუფრთხილდებით წარსულს და არ და ვერ შევეგუებით დანაშაულებრივ წარსულს, იმ საკითხებს, რაც დღემდე გამოუძიებელია და მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას. მაგალითად, 2008 წლის ომი, ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. დანაშაულებრივი ხელისუფლება, რომელსაც სურს კვლავ პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლა - თითქოს რაღაც ახალ შემოთავაზებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი თუ სახეცვლილი ფორმით წარმოდგენილი. ისევ სარისკო თამაშებს თამაშობენ - თითქოს ისინი არიან ქვეყნის სამშვიდობოს გამყვანი ძალა, თუმცა მათი მშვიდობა ჩვენ ვნახეთ.
ჩვენს პარტიას უკვე საკმაოდ სერიოზული რესურსი აქვს დარგობრივადაც. შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარი არის სახალხო დამცველი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული და სიმართლის ხმამაღლა მთქმელი სახალხო დამცველი იყო. ასევე, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებების კუთხით გვყავს ზაალ მიქელაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი წარმატებული ჯანდაცვის მინისტრი. აღსანიშნავია ჩემი რესურსიც - უკვე სამჯერ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდით. მეამაყება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შექმნის ერთ-ერთი მონაწილე ვარ.
სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებითაც საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილი - მიხეილ ყაველაშვილი, ასევე დავით კაჭარავა; ეკონომიკური თვალსაზრისით - ეკა სეფაშვილი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი კადრია და ევროკავშირის სტრუქტურებშიც მუშაობის საკმაოდ მაღალი გამოცდილება აქვს; გვყავს იურისტი - გურამ მაჭარაშვილი.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შემადგენლობის გაფართოებას ვაპირებთ და პარტია პოლიტიკურ პროცესებშიც უფრო აქტიურად ჩაერთვება.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.