"ნაციონალური მოძრაობის" დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვანი კვებით იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ნახევარია, ანუ, დინამიკა პოზიტიურია,” - ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევით არ დამდგარა და ამაში “ქართულმა ოცნებამ” დიდი ძალისხმევა ჩადო.
“ბევრჯერ მოგისმენიათ უმძიმესი ტყუილი, რომ თითქოს ბავშვები საქართველოში შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი - რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? არც ერთი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-სა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული.
ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვანი კვებით იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ნახევარია, ანუ, დინამიკა პოზიტიურია. მაგრამ, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ამას სჭირდება შრომა და არა - სპეკულაცია. თუმცა, ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოველწლიურად, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად (ჯანდაცვის ხარჯებს არ ვგულისხმობ მათზე), ნახევარ მილიარდზე მეტი იხარჯება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს ციფრი იყო - ნული.” - განაცხადა ხუნდაძემ.