„ოპოზიციისთვის დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. უკვე მერამდენედ უნდა მოხდეს მათი მხილება ევროპიდან, თუ ამერიკიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და აცხადებს, რომ ამის შესახებ მოძრაობა აქამდეც არაერთხელ საუბრობდა.
„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თურმე ქართული ოპოზიციის ბრალდება ხელისუფლების მიმართ სანქციების გვერდის ავლაში, სრული დეზინფორმაცია ყოფილა. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, მაგრამ დღეს უკვე ოპოზიციის დეზინფორმაციული პოლიტიკა თავად აშშ-ს ხელმძღვანელობამ ამხილა. ოპოზიციისთვის დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. უკვე მერამდენედ უნდა მოხდეს მათი მხილება ევროპიდან, თუ ამერიკიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მთელს მსოფლიოს, საერთაშორისო მედიის თუ პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებით უმტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლით რუსეთთან თანამშრომლობსო. ეს რომ ტყუილია, დღეს სწორედ ამერიკიდან გვითხრეს. სტატუსის წინააღმდეგ ევროპაში დარბოდნენ და მუშაობდნენ, რომ საქართველოს სტატუსი არ მიეღო. ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნისთვის იბრძოდნენ, საერთაშორისო თანამეგობრობას უმტკიცებდნენ, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლით რუსეთთან თანამშრომლობს და ა.შ. მეტი რაღა უნდა უმტრონ საკუთარ ქვეყანას, მეტი რაღა უნდა გააკეთონ? სწორედ ამიტომ, ქვეყნის მოღალატე ძალა პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს, ნაცმოძრაობა იქნება ეს თუ მისი სატელიტი პარტიები. დეზინფორმაცია არის მტრობის სტიმულირება და თუ ვის აწყობდა მტრობა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის, ადვილი გამოსაცნობია“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.