"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე Credit Suisse-ის საკითხზე, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამაოგნებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ ამბით, ევროპული მედიის თავისუფლების ფალსიფიცირების ნიშნები იკვეთება.
"ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება, რომ მათ Credit Suisse-თან დაკავშირებულ სტატიებს შერჩევითად უბლოკავენ, გამაოგნებელია. მათი განცხადებით, თუ მათი სტატია კონკრეტულად ბანკის საკითხს ეხება, მას აქვეყნებენ, არაერთ სტატიას უთმობენ ადგილს, მაგრამ თუკი ის მენეჯმენტს ეხება, კატეგორიულად მიუღებელია და იქვე უსვამენ წერტილს.
ვფიქრობ, ეს ევროპული მედიის თავისუფლების ფალსიფიცირების ნიშნებია და ყურადღებაა გასამახვილებელი არა მხოლოდ ადვოკატების განცხადებების სახით, არამედ ევროსაბჭომაც უნდა გაამახვილოს ამაზე ყურადღება. ისინი ძალიან ხშირად კავდებიან ისეთი საკითხებით, რომლებშიც შესაძლოა, მათი ჩართულობა სავალდებულო არც იყოს. ამიტომ, ჯობს, ისეთი საკითხებით დაკავდნენ, რომლებიც აუცილებლად გასაკეთებელია. ევროპა ყოველთვის მიმზიდველი იყო სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებით, კანონის უზენაესობით... ამ ღირებულებების გარეშე, ჩვენთვის ევროპა არ არის ის, რისკენაც გვინდა, რომ ვიაროთ. ამიტომ, ჯობს ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რაც მეტად ყურადსაღებია, ვიდრე კონკრეტულ რეზოლუციებზე, რომლებიც მათ არც ეხებათ და ზოგჯერ შეურაცხმყოფელია სხვა ქვეყნების მიმართ“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.