დღეს უნდა მიიღონ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიში, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ე.წ. დამსახურებას უსვამს ხაზს და მასში კვლავ მოთხოვნილია პატიმარი სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლება
დღეს უნდა მიიღონ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიში, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ე.წ. დამსახურებას უსვამს ხაზს. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ ოპოზიციურ პარტიას გადამწყვეტი როლი ჰქონდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში.
კვლავ მოთხოვნილია პატიმარი სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებაც. ანგარიშში საუბარია სანქციებზე და გაკრიტიკებულია ხელისუფლება.
მომხსენებელი „ევროპის სახალხო“ პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენეა, რომლის მხრიდანაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არაერთხელ ყოფილა.
მმართველი გუნდი უცხოელ პოლიტიკოსებს ახსენებს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე განხორციელებული ნაბიჯები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი ანგარიშები ხელისუფლების დაშინებას და საქართველოსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილ წერილს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს, სადაც აღნიშნულია: "დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ“, - ნათქვამია წერილში.