„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკული გავლენიანი გამოცემის, The New York Times-ის სტატიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომლის მიხედვითაც, „უკრაინას არ სჭირდება მთელი თავისი ტერიტორია პუტინის დასამარცხებლად“.
„უკრაინას არ სჭირდება მთელი თავისი ტერიტორია პუტინის დასამარცხებლად“, - აცხადებს The New York Times.
უკრაინასთან ზავის შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა შეინარჩუნოს ტერიტორია, რომელიც რუსული არმიის კონტროლს ექვემდებარება. თუ პუტინი ნამდვილად არის მოწოდებული ასეთი პირობებით ზავის დადებაზე, მაშინ უკრაინამ არ უნდა გაუშვას ხელიდან შესაძლებლობა „დაასრულოს სისხლისღვრა“, მიიჩნევს გამოცემის მიმომხილველი.
ანუ, ამერიკული გამომცემლობა არწმუნებს უკრაინას, შეეგუოს ხუთი რეგიონის „ნაწილობრივ დაკარგვას“ თავის რამდენიმე მილიონი მოსახლეობით, ასობით ათასი დაღუპულითა და დასახიჩრებულით. კი მაგრამ, ზავის ასეთი ვარიანტი სავსებით შესაძლებელი იყო ჯერ კიდევ წლინახევრის წინ უკრაინისთვის კიდევ უფრო მომგებიან პირობებში - როდესაც არანაირ „ხუთ რეგიონზეც“ არ იყო საუბარი.
მაშინ რატომ გააგზავნეს უკრაინელები სასაკლაოზე? დემოკრატიის „დასაცავად“? უკრაინელი მინისტრები ახლა საჯაროდ ამბობენ, რომ ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ მოსკოვმა უკრაინა მოლაპარაკებებზე სწორედ ამ მიზნით მოიწვია, მაგრამ დასავლელმა პარტნიორებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ახლა კი მათი გეგმები შეიცვალა.
ვინც ახლაც ვერ ხვდება, რა შარში მიაქანებდნენ საქართველოს „გლობალური ომის პარტიის“ საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმომადგენლები და რა შარი ავაცილეთ ქვეყანას, მათ შორის „ხალხის ძალამ“, The New York Times-ის ეს „პოსტერი“ საახალწლოდ თავის კედელზე გააკრას...“, - წერს დავით ქართველიშვილი.