"საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც "გლობალური ომის პარტია" დამარცხდა "გლობალური მშვიდობის პარტიასთან". სადაც ომი, კოლონიალიზმი, ვასალური დამოკიდებულება დამარცხდა მშვიდობასთან, სუვერენიტეტთან, უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ სტაბილურობასთან, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

"საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც "გლობალური ომის პარტია" დამარცხდა "გლობალური მშვიდობის პარტიასთან". სადაც ომი, კოლონიალიზმი, ვასალური დამოკიდებულება დამარცხდა მშვიდობასთან, სუვერენიტეტთან, უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ სტაბილურობასთან.

ამ უმარტივესმა 6-გვერდიანმა კანონმა გაავლო საზღვარი საქართველოს მეგობრებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. აღმართა შლაგბაუმი კეთილსინდისიერებას, სიმართლეს, პარტნიორულ მოკავშირეობასა და სიცრუეს, სივერაგესა და არაკეთილსინდისიერებას შორის.

გაავლო წითელი ხაზები ღირსებასა და მარიონეტულ ლაქიაობას, პატრიოტიზმსა და აგენტოკრატიას შორის.

კანონი დაანონსდა 3 აპრილს, 41-ე დღეს მიღებული იქნა მესამე მოსმენით და მე-60 დღეს შევიდა ძალაში. გილოცავთ!" - წერს დავით ქართველიშვილი.