არანაირი ფასი და ღირებულება არ აქვს იმ ადამიანის საქართველოში ვიზიტს, ვინც პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, ვინც შეურაცხყოფს ეკლესიას და ქართველი ხალხის სურვილს, იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი და ევროპული ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როთის საქართველოში ჩამოსვლა არის მცდელობა, რადიკალებს კიდევ ერთხელ გადაუგდოს მაშველი რგოლი.

„ეს კონკრეტული ბატონი ლიბერალური ფაშიზმის ტიპური წარმომადგენელია. სამწუხაროდ, ის და მისი მსგავსი პოლიტიკოსები საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ და ეცადნენ, შეესრულებინათ თავიანთი დესტრუქციული როლი, თუმცა არ გამოუვიდათ. ახლა ლიბერალური ფაშიზმი, ფაქტობრივად, ბოლო კუდს იქნევს. ეს კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც და მისი საქართველოში ჩამოსვლა არის მცდელობა, რადიკალებს კიდევ ერთხელ მაშველი რგოლი გადაუგდოს, დაეხმაროს მათ დესტრუქციაში, ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად მონათვლასა და ყველა იმ ტყუილში, ცილისწამებაში, რაც, სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს გარედან ისმის. როგორც აქამდე იყო სრულიად უშედეგო ამ რადიკალების მაშველთა დახმარება, ასე დასრულდება როგორც როთის პოლიტიკური კარიერა, ასევე ლიბერალური ფაშიზმი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.