გასაგებია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თვითონ აქვს არაერთხელ აღიარებული როგორც პირდაპირ ეთერებში, ისე იმ წერილებსა და თხოვნებში, რომლებიც მთავრობის მისამართით არის გაგზავნილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული განხილვის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„პრეზიდენტის წარმომადგენლები უსუსური არგუმენტებით ცდილობენ, დაიცვან ის პოზიციები, რომლებიც სინამდვილეში პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტისთვის არის ცალსახა და გასაგები. გასაგებია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თვითონ აქვს არაერთხელ აღიარებული როგორც პირდაპირ ეთერებში, ისე იმ წერილებსა და თხოვნებში, რომლებიც მთავრობის მისამართით არის გაგზავნილი. ასე რომ, აქ რეალურად დიდი არაფერია გასარკვევი. ჩვენ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას და შემდეგომ უკვე გაგრძელდება პროცესი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.