„შავი ფულის ქვეყანაში შემოდინების პროცესი უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული იქნება, რადიკალური „ენჯეოების„ და მათი დონორების პოლიტიკა შეიცვლება. კაჭარავას თქმითვე პარტია „ხალხის ძალის“ წევრები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ სიმართლეს იტყვიან და არანაირი ტაბუდადებული თემები მათთვის არ იარსებებს.

„პარტია „ხალხის ძალის“ წევრებმა თავიდანვე ვთქვით, რომ ქვეყანაში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მოურიდებლად ვიტყოდით, მხოლოდ სიმართლეს. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი დონორები არიან ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მათგან ფინანსდება ისეთი პროექტები, რომლებიც ეკლესიის საქმიანობას აკნინებს; ამ „ენჯეოებთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პერსონები ცდილობდნენ ქვეყანა ჩაეთრიათ ომში; ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველო არის შავი ხვრელი, საიდანაც რუსეთი იარაღით მარაგდება; ახალგაზრდებს ასწავლიან მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას, ეს ნაწილი მოქმედებაშიც ვიხილეთ უკვე. ეს ყველაფერი ფინანსდება დასავლელი დონორებისგან და დროა მათი ქცევა გამოაშკარავდეს და დასრულდეს.

ტაბუდადებული თემები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხებოდა, აღარ არსებობს - შავი ფული დიდი რაოდენობით შემოდის ქვეყანაში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდება. ქვეყანაში შავი ფული დიდი რაოდენობით შემოდის და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდება, რაც უნდა გამოაშკარავდეს. შემდეგ კი, როცა საზოგადოება შეიარაღდება სიმართლით, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, გვჭირდება თუ არა ასეთი დონორები. დარწმუნებული ვარ, როგორც კი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული იქნება და ნათელი მოეფინება ყველაფერს, შეიცვლება რადიკალური „ენჯეოებისა“ და მათი დამფინანსებლების პოლიტიკაც,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ