მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. სიღარიბის გაუმჯობესებით, 12 წელში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია საქართველო - ნუ დაგვავიწყდება ხალხო, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს. - - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"როგორც იცით, კიდევ შეგახსენებთ, სამი დღის წინ, ეს პრემიერმა ძალიან კარგად წარმოადგინა თავის გუნდთან ერთად, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს და დღესაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ; მე თვითონ მიხარია, როდესაც ვუსმენ, ისეთ ციფრებს ასახელებს პრემიერ-მინისტრი.
ცხადია, მშვიდობა ყველაფრის საფუძველია, რომლის გარეშეც ვერაფერი მიიღწევა, თუმცა ჩვენ მხოლოდ მშვიდობას არ ვიცავთ! ამის მიღმა, „ქართული ოცნება“ განუხრელად ყველა მიმართულებით ატარებს სწორ პოლიტიკას, მოწინავეები ვართ ადამიანთა კეთილდღეობის ინდექსით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით, ქართული მართლმსაჯულება და საზოგადოება სრულიად თავისუფალია ხელისუფლების წნეხისგან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვამცირებთ სიღარიბეს და კიდევ ერთი საინტერესო რამ მინდა მოგახსენოთ: ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ჩვენი სწორი პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით მინდა გითხრათ - თუ როგორ პროგნოზს აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ამ უაღრესად ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.