ჩვენი სუვერენობა არ უნდა იყოს ახალი ილუზია. ჩვენ აბსოლუტურად სუვერენული ვერ ვიქნებით, ისეა გადაჯაჭვული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ჩვენ ვიქნებით რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრთან თანამშრომლობაში - განაცხადა პირველი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.
„სამწუხაროდ, არის ასეთი აღქმები, რომ იქ, იმ კავშირში თუ შევალთ, მერე დადგება საამური ცხოვრება. როცა სოციალური დაცვის სისტემებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირში, სადაც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამოთხე ელოდება, ეს სოციალური ატმოსფერო ისეთი აღარ არის, როგორიც იყო მაშინ, როდესაც იქ იყო იაფი რუსული ენერგეტიკული მატარებლები და იაფი ჩინური საქონელი. ამის ერთობამ ფაქტობრივად, შექმნა ის კეთილდღეობის სურათი, რომლის ხატებაც აქვს ჩარჩენილი ჩვენს ახალგაზრდებსაც და სხვა ადამიანებსაც, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შორიდან უყურებდნენ ამას და იქ სადღაც, ეგულებოდათ ადგილი, სადაც კარგი ცხოვრებაა, იქ თუ წავლენ. კარგი იქნება, თუ ქართველი პოლიტიკოსებიც გამოიჩნენენ გამბედაობას და უფრო მეტად ეტყვიან სიმართლეს მოსახლეობას, რომ ევროკავშირში შიგნით ძალიან ბევრი პრომლემაა. ის გადაღლილია გაფართოებით და ჩვენ ხვალაც რომ დაგვიძახონ, მოდით, შემოდითო, ვერ შევალთ ევროკავშირში, რადგან სხვა ყველაფერს, ეკონომიკას და ა.შ თავი რომ დავანებოთ, ელემენტარულად, საზღვრები არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი მისწრაფებები და ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონცეფცია.
„ჩვენ ძველი ცივილიზაციის ერი ვართ. რაც თავი მახსოვს პოლიტიკურ საქმიანობაში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ძველი ცივილაზაცია მხოლოდ ჩინელებმა გვიწოდეს, ჩვენ ორივე ძველი ცივილიზაციის ერი ვართო. ჩვენი ძველი ცივილიზაციის კუთვნილება სხვამ რომ არ გვითხრას, ჩვენ ხომ ვიცით და უნდა შევქმნათ ჩვენი სუვერენული სურვილი. მერე, რა თქმა უნდა, ამ სუვერენული სურვილიდან გამოვა ჩვენი სუვერენული ეკონომიკაც და შიდა სოციალური ურთიერთობებიც. ჩვენი სუვერენობა არ უნდა იყოს ახალი ილუზია. ჩვენ აბსოლუტურად სუვერენული ვერ ვიქნებით, ისეა გადაჯაჭვული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ჩვენ ვიქნებით რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრთან თანამშრომლობაში“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.




