რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვფიქრობ, ის უკვე დიდი ხანია ჩართულია საკუთარ საარჩევნო კამპანიაში, ისევე, როგორც ის ლიდერობს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შტაბს, არაფორმალურად, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება იყოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთო ოპოზიციური კანდიდატი და რას შეცვლის ის წინასაარჩევნო სურათში, იგივე ხელისუფლებისთვის გარკვეული პრობლემების შესაქმნელად.
„ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო წლებისა თუ თვეების წინ, მაგრამ თავიდანვე უნდა გვეეჭვა ეს, როდესაც მან თავისი თანაშემწე ალექსანდრე კრევო მიავლინა. როგორ შეიძლება მუშაობდე პრეზიდენტის თანაშემწედ და მოგინდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადახვიდე საგარეო მდივნის მოადგილედ. ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანს ეფიქრა, რომ ეს „დაუნგრეიდი“ იყო, ადამიანი დეგრადირებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იყო შორს გათვლილი გარკვეული გეგმა. ეს ადამიანი ალბათ გარკვეულწილად დაზვერვაზე წავიდა, თუ რა სიტუაცია იყო ოპოზიციურ ფლანგზე და მხოლოდ ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ნაბიჯ-ნაბიჯ, არითმეტიკული პროგრესიით, უფრო და უფრო გაამწვავა და გაამძაფრა დამოკიდებულება მმართველი ძალის მიმართ.
ის აბსოლუტურად ჩამოშორდა იმ პოზიციას, რომელსაც ჰქვია ზეპარტიული პრეზიდენტი, როგორადაც ის იყო არჩეული და სრულიად ერთი-ერთში ჩაჯდა „ნაც.მოძრაობის“ და კოლექტიური „ნაცების“ მესიჯბოქსში და მათი ქმედებების სტრატეგიასა და ტაქტიკაში. შესაბამისად, რას მოუწოდებენ, არ ვიცი. თუ ვერ ერკვევიან არჩევნები როგორ ჩატარდება მომდევნო ჯერ პრეზიდენტისა, ალბათ, სჯობს წაიკითხონ კონსტიტუცია და გაერკვნენ, იმიტომ, რომ ჯერ პარლამენტი უნდა იყოს არჩეული და შემდეგ ხმოსნები აირჩევენ პრეზიდენტს. ჯერ გაიმარჯვონ. რას მოუწოდებენ, ეს პირდაპირი არჩევნები არ არის. სად უნდა დაირაზმოს, ან რა უნდა ჩაატაროს, რომ ხმოსნების მიმართ გააკეთოს მიმართვა?“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ადამიანები ხვდებიან, რომ სალომე ზურაბიშვილს პირი აქვს შეკრული ხალხთან, რომელიც მას აგინებდა, ლანძღავდა, ამცირებდა.
„მე დღეს პოსტიც გამოვაქვეყნე, ოპოზიციის პრობლემაც ეს არის, ამ ადამიანებს ქართველი ხალხი ვინ ჰგონიათ საერთოდ? ნეტა, ადამიანები ჰგონიათ? ე.ი. თავის თარგზე რომ ჭრიან და კერავენ, ასე არ არის, ეს ხალხი კითხულობს, ქართველი კაცი მკითხველი კაცია, განათლებული კაცია და იცის. კონსტიტუციაც მაგათზე კარგად აქვს ჩვენს ხალხს წაკითხული და გააზრებულიც. რა უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა ცალკე აღებულმა ადამიანმა, რომელმაც რამდენიმე არჩევნებში, როდესაც იგი ინდივიდუალურად შეეცადა ასპარეზობას პოლიტიკურ ლანდშაფტზე, განიცადა საოცარი მარცხი და თუ არა „ქართული ოცნება“ და მისი ერთგული ჯარისკაცები და ის მილიონ 100 ათასი ამომრჩეველი. ზოგადად, თუ გახსოვთ, გვაქილიკებდნენ კიდეც, მაგრამ მის საარჩევნო ბანერებზეც კი „ქართული ოცნების“ ლიდერები გახლდნენ და ამან გამოიწვია მობილიზება ამომრჩეველთა იმ რაოდენობის, რომელმაც გადაწყვიტა მისი პრეზიდენტობა. ახლა მან ცალკე რა უნდა აწარმოოს, არ ვიცი.
ადამიანები ხვდებიან, რომ მას პირი აქვს შეკრული ხალხთან, რომელიც მას აგინებდა, ლანძღავდა, ამცირებდა და რამ გამოიწვია ეს, რა მერკანტილურმა მიზეზმა თუ რა ინტერესმა, მე არ ვიცი. რა ზეწოლამ, რომ მას მოუწია არა მხოლოდ შეკვრა, შეწყალებაც კი გვარამიასი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.