ჩვენ ქარტიას ხელი მოვაწერეთ ყველაზე ბოლოს, პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავაკეთეთ ერთი დათქმა – ქარტიის იმ ნაწილს, რომელიც რეფორმების დღის წესრიგს განსაზღვრავს, ვეთანხმებით. ამ დღის წესრიგს პირდაპირ ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე მივყავართ და ბუნებრივია, ამას მხარს დავუჭერთ, მაგრამ იქ იყო რაღაც საკითხები, რომელიც ბუნდოვანი იყო ხელმოწერამდეც და რჩება ახლაც. მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამაზე ხელმოწერამდეც ვთქვით და მერეც, რომ ტექნიკური მთავრობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზნის მიღწევაში შეიძლება, გამოგვადგეს. ეს არის ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება, ისე დამარცხდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს არც ერთი ფორმით და არც ერთი დოზით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.