ირაკლი ღარიბაშვილი ედრება სააკაშვილს და 11 წლის თავზე ამბობს, რომ სააკაშვილზე ცოტათი უკეთესია , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ირაკლი ღარიბაშვილი შეეცადა არა კითხვებზე პასუხი გაეცა, არამედ ყველა კითხვაზე მოიტყუა. ადამიანისგან, რომელიც არის ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ტყუილების კასკადი მოვისმინეთ. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომლის დროსაც ქვეყანა პოლიტიკური კორუფციის ჭაობად იქცა. ის ედრება სააკაშვილის და 11 წლის თავზე ამბობს, რომ სააკაშვილზე ცოტათი უკეთესია. სინამდვილეში არანაირი განსხვავება არ არის, ერთმანეთზე უარესია ეს ორი ძალა. არც ერთი ძალა არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
ღარიბაშვილი ეტოლება სააკაშვილს მავნებლობაში და ამბობს, რომ „სააკაშვილზე ცოტათი უკეთესი ვარ“, ამას საზოგადოებისთვის საილუსტრაციოდ იყენებს, რომ თუკი სააკაშვილი ბიუჯეტიდან 14 მილიონს ხარჯავდა და თუკი „ქართული ოცნება“ 13 მილიონს დახარჯავს, 1 მილიონია მათი უკეთესობის ფასი. რატომ ცდილობს საზოგადოებას შეასაღოს, რომ სააკაშვილზე ცოტათი ნაკლები მავნებელია?“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, ლილუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც, „გაუგებარი და აუხსნელია“, რატომ დაასანქცირა აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ლილუაშვილის შეფასებით, თავისივე „მესიჯ“ ბოქსში იბლანდება და დამაჯერებლობა ეკარგება მის საუბარს.
„ღარიბაშვილმა რა იცის? ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ ჯაშუში იყო და „ეფესბეს“ ემსახურებოდაო, ამასთან პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს,რომ ფარცხალაძეს ქვეყნისთვის მავნებლური არაფერი გაუკეთებია, თან ამბობს, რომ მათ შორის კომუნიკაცია 10 წელი არ ყოფილა. თავისივე „მესიჯ ბოქსში“ იბლანდება და დამაჯერებლობა ეკარგება მის საუბარს“, - განაცხადა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.