ბრიუსელიდან თბილისში გამოგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებულ ობიექტების სიაში არ შევა, კიდევ ერთხელ ეხმიანება მმართველი გუნდი.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ფაქტი ნათლად უჩვენებს, თუ როგორი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს რეალურად საქართველოს მიმართ და რომ ქვეყანა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არასდროს დახმარებია.
უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის გერმანიის ელჩმა, ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილი წერილის შემდეგ, განმარტებები უნდა გააკეთონ.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა ჩაიშალა.
"ყულევის გარშემო ატეხილი კამპანია და აჟიოტაჟი მიზანმიმართულად იყო გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, რაც ჩაიფუშა. ვაი-ქართველები, სამწუხაროდ, აგრძელებენ შეტევას, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე და ცდილობენ, როგორმე გააუარესონ სოციალური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში.
არავითარი სანქცია არ იქნება დაკისრებული იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით საზოგადოებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.




