ჩვენ შეხვედრაზე გვეთანხმებოდნენ და არგუმენტებს იღებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ე.წ. ფაქტების დამდგენი დასკვნა ვიხილეთ, სადაც საუბარი არ არის ფაქტებზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო-ს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, ეს ყველაფერი არ არის მიუკერძოებელი.
მისივე თქმით, საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რა ფასი აქვს ისეთ ანგარიშს, რომელიც რამდენიმე დღეშია მომზადებული და რამდენიმე გვერდისგან შედგება.
„არჩევნებზე ხალხმა პასუხი ორჯერ გასცა იმას, რომ ამ ქვეყანაში, სკოლებსა და ბაღებში არ უნდა იყოს დაშვებული ლგბტ პროპაგანდა, ბავშვებში სქესის შეცვლა, ასევე ქალი რომ ქალია და კაცი – კაცი. სამწუხაროდ, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე ეუთო ამბობს, რომ ეს ყველაფერი თითქოს მისაღებიაო. შეუძლიათ, ამერიკის ადმინისტრაციას მიმართონ ზუსტად ანალოგიური შენიშვნებით და უთხრან, რომ გააუქმონ, ქვეყანაში არსებული „ფარა“ და გადაწყვეტილება, რომ დაუშვებელია სქესის შეცვლა ბავშვებში.
რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მარტივ კითხვას უპასუხოს, უნდა იყოს თუ არა დაშვებული სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული „ფარა“, უნდა შემოდიოდეს თუ არა ქვეყანაში შავი ფული და პოლიტიკის გარედან დაფინანსება. ეს ადამიანები ამ პასუხებს გაურბიან, სიგიჟეს საუბრობენ და ჰააგას ახსენებენ. ეს ყველაფერი საიდან არის დაწყებული თუ არა, „ბიბისის“ დეზინფორმაციული ფილმით, რომელსაც შემდეგ გებელსისეული პროპაგანდა მოაყოლეს. ეს ჩვენს ქვეყანაში არ ჭრის. ჰააგაზე საუბრობენ და გვახსოვს, ვინ ახსენებს, ის ადამიანები, ვინც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.









