ჩვენ არასდროს, არავითარ გარიგებაში არ შევალთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„რეალობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და აქამდე ვაკეთებდით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებისა და დაშლის პროცესი. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი, რასაც საზოგადოება ეტაპობრივად ნახავს, თუმცა ხელისგულზე დევს ის ჩვენი გადადგმული ნაბიჯები, რამაც განაპირობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მათ გუნდში ნომერ პირველმა პოლიტიკურმა ფიგურამ ფრაქცია და პარტია დატოვა. ორი დღის წინ ასევე ვიხილეთ დებატები „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარესა და უკვე წასულ თავმჯდომარეს შორის. ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებულად. საინტერესო, საბოლოოდ შედეგობრივად იქნება ის, რომ ჩვენ ვიხილავთ დასუსტებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და საბოლოოდ დაშლილს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.