პირველი უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია მარტო ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მილიონ 120 ათასი ხმა. ჩვენ გვამაგრებს და გვაძლიერებს ქართველი ხალხის არჩევანი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“, რითაც უპასუხა კითხვას როგორ გრძელდება საკანონმდებლო საქმიანობა, თუ მარტო იქნება მმართველი პარტია პარლამენტში.

„რაც შეეხება პოლიტიკურ სურათს, თითქმის 900 ათასი ხმით მეტი აიღო „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით. თქვენ წარმოიდგინეთ, 900 ათასი ხმით მეტი ხმა გვაქვს ჩვენ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით.

რაც შეეხება შესვლა არ შესვლას, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნებოდა შესაბამისი რაოდენობა მანდატების, ჩვენი განცხადებული პოზიცია იყო მათი სამართლებრივი და კონსტიტუციურ სამართლებრივი გასამართლება, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში მოქმედებდა. თუ ისინი არ შემოვლენ, პრაქტიკულად, ისინი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეს პროცესი თვითრეგულირებადი გახდეს.

პრაქტიკულად, პოლიტიკური გასამართლება უკვე დღეს და ახლა მოხდება, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდნენ, ვინაიდან, მათი ადგილი, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ უნდა იყოს პარლამენტში. იმ ხალხის, ვინც მიდის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენი დაპირება კონსტიტუციურ სამართლებრივი გასამართლების, შესრულდება მათ მიერვე იმ ნაბიჯით, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში არ შემოვლენ და ესეც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან.

რაც შეეხება უფლებამოსილების ცნობას, ერთი მხრივ, სასაცილოა, როდესაც ეს ხალხი გამარჯვებებისთვის ემზადებოდა, გამარჯვებულად გამოაცხადეს თავი და მათ მიაჩნიათ, რომ თურმე კონკრეტული ჩანაწერი ითვალისწინებს იმას, რომ ასი დეპუტატი თუ არ იყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პარლამენტი მუშაობას ვერ დაიწყებს, რაც არის სრული ტყუილი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.