2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ოხანაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ქმედებებზე. როგორც ანრი ოხნააშვილმა განაცხადა, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გულდასმით გამოიკვლია საქმის გარემოებები და დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს თავის ხელთ არსებულ ყველა გონივრულ და შესაძლებელ ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საგანგებოდ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა, უკანონო პატიმრობიდან სწორედ საქართველოს ხელისუფლების დაუღალავი შრომისა და მის მიერ წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდნენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე დეტალური მოხსენება წარადგინეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.
მისივე თქმით, ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა.
„სამსახური აქტიურად მუშაობდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად, ამ მხრივ ყველა შესაძლო მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით. 2024 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა 38 პირი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით − 30 პირი. აქვე მოგაწვდით 2025 წლის ბოლო მონაცემებსაც. კერძოდ, ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა 15 პირი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით − 15 პირი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.