„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს დავეხმაროთ, ჩავერთოთ ნებისმიერ ჯგუფში, რომელსაც აწარმოებს სამინისტრო, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იქ, სადაც ბავშვების შიმშილზეა საუბარი, ყველა სხვა პოლიტიკური საკითხი მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გააკეთა, რომ სამინისტრო არ დაელოდება სკოლების სრულ რეაბილიტაციას და ისე დაიწყებს გრაფიკზე მუშაობას, რომელიც უკავშირდება უფასო კვებას საჯარო სკოლებში. ძალიან კარგია და ვთვლი, რომ ყველა იმ ადამიანის გამარჯვება არის, ვინც საჯარო სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით მუშაობს, რომ მინისტრმა თავისი პოზიცია შეცვალა. თქვენ გახსოვთ, რომ ბოლო საპარლამენტო სხდომაზე მთავარი არგუმენტი განათლების სამინისტროს ის ჰქონდა, რომ სკოლების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყებდა უფასო კვების განხორციელებას საჯარო სკოლებში და ჩვენი კონტრარგუმენტი იყო სწორედ ის, რომ არ შეიძლებოდა განათლების სამინისტრო დალოდებოდა რეაბილიტაციას, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანაში გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ძალიან კარგია, რომ მინისტრმა ეს პოზიცია შეცვალა და ჩვენი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით გაითვალისწინა, თუმცა ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ სკოლების რეაბილიტაციის დასრულება არ არის მთავარი პრობლემა უფასო კვების განხორციელებისთვის საჯარო სკოლებში, რაც შეიძლება სწრაფად და უკვე საგაზაფხულო სესიაზე დაიწყოს უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში, მით უმეტეს, ორი მთავარი არგუმენტი, რომელიც ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით ჰქონდა, ფაქტობრივად ჩაიფუშა. პირველი ეს იყო ის, რომ ფული ბიუჯეტში არის და მეორე მთავარი არგუმენტი, რომ თურმე სკოლების სრული რეაბილიტაცია, როგორც ჩვენ ვეუბნებოდით ამას განათლების სამინისტროს, არ არის საჭირო იმისთვის, რომ ველოდოთ უფასო კვების განხორციელებას. ახლა აუცილებელია, რომ ეს არის მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება „ქართული ოცნების“ მხრიდან როგორც მას სჩვევია და ძალიან სწრაფად, უკვე საგაზაფხულო სესიაზე განათლების სამინისტრომ უზრუნველყოს უფასო კვებასთან დაკავშირებული პრობლემები სკოლაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს დავეხმაროთ, ჩვენ გადავეცით ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამა, მზად ვართ ჩავერთოთ ნებისმიერ ჯგუფში, რომელსაც აწარმოებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იქ, სადაც ბავშვების შიმშილზე არის საუბარი, ყველა სხვა პოლიტიკური საკითხი არის მეათეხარისხოვანი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.