სანამ კონკრეტული სახელები და გვარები არ იქნება გამოკვეთილი შოვის ტრაგედიასთან მიმართებით, მთელი გუნდის დანაშაული იქნება ის, რაც შოვში სახელმწიფოს უმოქმედობით და ჩავარდნით მოხდა, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს და მოუწოდა შოვის ტრაგედიის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და გაირკვეს, ვისი პასუხისმგებლობით დაიღუპნენ ადამიანები.

„გასულ კვირას მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი შოვთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ძალიან სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ჟურნალისტი უნდა ჩაეკითხოს მინისტრს და მისგან ამ გზით მიიღოს ინფორმაცია ბოლო წლების ისტორიაში საქართველოში ყველაზე უფრო მძიმე მოვლენასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება გამოძიებაში. სამწუხაროდ, სამინისტრო თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, ყოველი კვირა დაიწყოს იმ კითხვებზე პასუხით, რატომ მოხდა ეს შოვში და შედეგად რატომ დაიღუპნენ ადამიანები მაშინ, როდესაც კრიტიკულად სჭირდებოდათ მათ სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი დახმარება. ისინი განსაცდელში იყვნენ მიტოვებული. ამიტომ, მე დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავად განახორციელეთ გუნდის შიგნით ის წნეხი, რაც გასაკეთებელია და გამოძიებისგან მოითხოვეთ, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დადგეს შოვში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. სანამ ამას არ გააკეთებთ, ყველანი, მთელი გუნდი იქნებით დამნაშავეები და ყველას საერთო პასუხისმგებლობა იქნება თითოეული იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც შოვში დასრულდა. ვიცი, რომ ძალიან მტკივნეულად მოგხვდათ, მაგრამ ასეა. ასე გარბიხართ ყოველთვის სიმართლის საპირისპიროდ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.