კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირი აუცილებლად მიიღებს გარკვეულ ზომებს და ამ ზომების საპირწონე მხოლოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს უწევს ნახსენები იყოს არასასიამოვნო ვითარებაში ევროპაში, თუმცა ეს გარდაუვალია. მირჩევნია, ქართულ კულტურაზე, ხელოვნებაზე, გამოგონებებზე, ქართულ სტარტაპებზე იყოს საუბარი. გარდაუვალია, რომ მიღებული იქნება სხვადასხვა ზომა. ამ ზომების საპირწონე, როგორც ამბობენ ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრები, არის ორადორი ნაბიჯი - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება," - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. სიტყვით ისარგებლა 27-მა ევროდეპუტატმა, რომელთაც ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, აქციებზე, არჩევნებზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებზე. ევროდეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს შორდება, ნაწილი კი ამ მოსაზრებას დარბაზშივე არ დაეთანხმა.