შვეიცარიულ ბანკ "ჯულიუს ბაერის" ქმედებები, რომლის წინააღმდეგაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სარჩელს ამზადებენ, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართული ოცნებისთვის" ადვოკატების მიერ დასახელებული გარემოებები არის დასტური, რომ ე.წ "დიფ სთეითს" აქვს პირდაპირი გავლენა შვეიცარიული ბანკების საქმიანობაზე. აქცენტი კეთდება გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშებზეც, რომელიც ქართული საგამოძიებო უწყებების ინტერესის საგანია, თუმცა შვეიცარიული ფინანსური ინსტიტუტი ინფორმაციას არ აწვდის.
ოპოზიცია კვლავ კერძო დავაზე საუბრობს და ბანკის ქმედებებში პოლიტიკასთან კავშირს ვერ ხედავს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ დავა არის ფინანსური, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული პროცესები უკავშირდება ე.წ. ამერიკულ სანქციებს, რომლებიც, მათი აზრით, რეალურად შვეიცარიულ ანგარიშებსაც უნდა შეხებოდა.
"მას გაუჭირდება ფინანსებზე წვდომა, დასავლეთში სანქციებს აქვს გამყინავი ეფექტი, ამიტომ მას მოუწევს, რომ მიიღოს ის რეალობა, რომელიც არის და ამიტომაც აარსებს ახალ კომპანიებს სხვათა შორის", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.