"დღეს „ქართული ოცნება“ მთლიანად დაფუძნებულია სიყალბეზე. არა მარტო იმიტომ, რომ ყალბია ამ პარტიის რიტორიკა მშვიდობასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტურად სიყალბეა რიტორიკა, როდესაც ადამიანებს ესაუბრებით კეთილდღეობაზე“, - ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოში ბავშვები შიმშილობენ და ამ დროს ხელისუფლება კეთილდღეობაზე საუბრობს.
„დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. გამოდით შუშის კოლბებიდან, შედით რეგიონებში ოჯახებში - ოჯახი აღარ დარჩა, სადაც მშობელი იძულებულია არ არის დატოვოს საკუთარი შვილი და წავიდეს ევროპაში ან ამერიკაში იმისთვის, რომ შვილს ჰქონდეს ელემენტარულად საჭმლის საშუალება. და ამ ხალხს თქვენ ელაპარაკებით გლობალური ომის პარტიაზე და „ნაცების“ დასრულებაზე?! რისი დამსრულებლები ხართ?! თქვენთან ნახევარზე მეტი ან „ნაცების“ მსახური იყო ან დამფინანსებელი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის. დიახ, დღეს თქვენ დგახართ სიყალბეზე“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.