„დღეს მინისტრის ანგარიშში მოვისმინეთ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის შესახებ და მინდა გულისტკივილი გამოვთქვა, რომ ამ დარბაზში ოპონენტებისგან ისმოდა კითხვები, რომელსაც ამ ყველაფერთან საერთო არ ჰქონდა. სიცრუეს და ბოროტებას წერტილი ხომ უნდა დაესვას. დღეს ამ დარბაზში ოპონენტებისგან არ ისმოდა საკითხები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო პრეროგატივაა. სულ ჩასაფრებულის პოზიციაა. აღარაფერს ვამბობ იმ ნიაღვარზე, რომელიც ცილისმწამებლური ხასიათის არის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს პოლიცია გახდა საქართველოს მოქალაქის მეგობარი, პოლიცია გახდა არა საკუთარი ხალხის მჩაგვრელი, არამედ ხალხის მეგობარი.
როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, 12 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში არ არის არც ერთი გასაჩივრებულ საქმე, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, პოლიციის მხრიდან უფლების გადამეტებას, ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას და კანონიერების დარღვევას.