ქვეყანაში არ არის არავითარი საგანგებო მდგომარეობა, არ არის რაიმე ფორს-მაჟორი, რის გამოც შესაძლოა, სასწავლო პროცესი შეფერხდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია. წულაძემ აღნიშნა, რომ საჯარო სკოლების უდიდეს ნაწილში სწავლის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„თბილისის მასშტაბით გარკვეულ სკოლებში, დაახლოებით, 15-მდე სკოლაში იყო გარკვეული შეფერხებები და არ იყო ის დასწრება მოსწავლეების მხრიდან, რომელსაც ჩვენ ვისურვებდით. თუმცა, ამ სკოლებშიც დღის განმავლობაში მდგომარეობა გამოსწორდა და ჩვეულებრივ გაგრძელდა. რეგიონებშიც, განსაკუთრებით, რამდენიმე დიდ ქალაქშიც, ეს არის: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და რუსთავში, ასევე იყო სხვა ქალაქებშიც გარკვეული შეფერხებები რამდენიმე სკოლაში, თუმცა საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო დღე ჩატარდა, გაიმართა ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო სასწავლო პროგრამით.

ჩვენი მოთხოვნაც ესა, რომ არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოების, არამედ უმაღლესი დაწესებულებებისა და პროფესიული სასწავლებლების მიმართ, რომ სკოლებმა, უნივერსიტეტებმა, კოლეჯებმა სასწავლო პროცესი უზრუნველყონ, გააგრძელონ. ქვეყანაში არ არის არავითარი საგანგებო მდგომარეობა, არ არის რაიმე ფორს-მაჟორი, რის გამოც
შესაძლოა, სასწავლო პროცესი შეფერხდეს და ეს ჩვენი ვალდებულებაა, თითოეული მასწავლებლის, სტუდენტის, პროფესორის ვალდებულებაა, რომ არ შევუშალოთ ხელი, მათ ვისაც სწავლა სურს, მათ ვისაც მუშაობა სურთ, ამ პროცესის ჩატარებაში“, - აღნიშნა წულაძემ.