„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ოპოზიცია, ყველა უნდა შევიდეს პირველ სხდომაზე“.

რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ თუ ვინმე ადეკვატურია ამ ოპოზიციურ ველზე, უნდა შევიდნენ პარლამენტში და აღიარონ წაგება. 

ამასთან, ის პრობლემას ვერ ხედავს პარლამენტში შესვლაზე და ამბობს, რომ საიდან ისაუბრებს არჩევნების გაყალბებაზე მნიშვნელობა არ აქვს. 
                                                                                                                                                                                                   „რობესპიერს თავი ხომ მოჭრეს ბოლოში, ისე აქვს თავი მოსაჭრელი ამ ოპოზიციას. ბელადები, ყველა მოსაკვეთია ამ სიტუაციიდან. თუ ვინმე ადეკვატურია ამ ოპოზიციურ ველზე უნდა შევიდნენ პარლამენტში და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ. აღიარონ შეცდომები, აიღონ პასუხისმგებლობა, ბოდიში ქართველო ხალხო, რომ ვერ გავამართლეთ თქვენი იმედები, წავაგეთ, ეს რეჟიმი გვაქვს რაც გვაქვს და მეტი ეს შეცდომა არ დავუშვათ.  პარლამენტი არის შენობა, იქ არის უმრავლესობა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. როდის შემდეგ გახდა დანაშაული რომ ამ ხალხის გვერდზე დავჯდე და ეს ხალხი ვლანძღო, როცა იღებენ ცუდ კანონებს. ან მოვთხოვო ახალი არჩევნები იმ სავარძლიდან. იმ სავარძელში რომ დავჯდე, იქ ვეღარ მოვთხოვ ახალ არჩევნებს და ვერ ვიტყვი რომ გაჟონაო? იმასაც ვიტყვი, უბრალოდ რა პრობლემაა რომ იქ ვიჯდე“-აღნიშნა რაქვიაშვილმა. 

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. 
                                                                                                                                                                                                                  „გვარამია და ხაზარაძე დემონსტრაციულად პანღურით გასაგდებები არიან. ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს, რომ ცირკი მოაწყვეს თავიანთი ტელევიზიებით.  მე მესმის ქართველი ხალხი ახლა არ მომისმენს. ვიღაც ცხვრებივით მიჰყვება გვარამიას, ვიღაც ნაწილი კიდევ ვიღაცას, ვიღაც ბედნიერია ქოცებით, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი, მე ასეთ რამეს გავაკეთებდი, ხაზარაძეს, გვარამიას პანღურით გავაგდებდი, მთელ ამ მედია მენეჯერებსაც პანღურით გავაგდებდი, გრიგოლიას და სანაიას თაოსნობით ყველას გავყრიდი. ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდიდი, მათ შორის, არჩევნებზე მილიონები რომ დავხარჯე, ათასობით დამკვირვებელი მყავდა და სადაც ამ დამკვირვებლის საჭიროება იყო იქ არ დავსვი ეს ხალხი. ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდიდი რომ კლოუნადა მოეწყო ტელევიზიაში. ბოდიშს მოვუხდიდი, რომ უიდეოდ გავედი არჩევნებზე, ვაღიარებდი მარცხს და ვეტყოდი, რომ ხალხნო თუ მაპატიებთ ოდესმე, ვეცდები, რომ 2028-ში მოვიგო. ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი. ვინაიდან იქ [ოპოზიციაში] მონები და კლოუნები არიან, ეს არ გამოვა“-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.