"უკრაინამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დროა მათ დაიწყონ იმის დაფასება, რასაც წლების და თვეების განმავლობაში ჩვენ მათთვის ვაკეთებდით" - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საერთაშორისო საკითხებში მარჩინ პშიდცმა ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს ხმელეთით და სამდინარო ტრანსპორტით ახორციელებს. პროდუქციის ექსპორტის სახმელეთო მარშრუტი კი პოლონეთზე გადის.
როგორც პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ვარშავა ითხოვს, ევროკავშირთან შეთანხმებით უკრაინული მარცვლეულის ქვეყანაში იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთი მზადაა, უკრაინული პროდუქციის იმპორტი ცალმხრივად აკრძალოს.
ამასვე ითხოვს ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია და ვენგრია.
პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ გააცივებს ეს გადაწყვეტილება ურთიერთობებს უკრაინასა და პოლონეთს შორის, რაზეც მან უპასუხა: დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. ჩვენ მოსავლის აღების პერიოდი გვაქვს. პოლონური ხორბალი უნდა დაიკრიფოს, შეინახოს და გადანაწილდეს სათანადოდ, ღირსეულ ფასად. რაც შეეხება უკრაინას, მან ნამდვილად უდიდესი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან, ვფიქრობ, მან უნდა დაიწყოს ამის დაფასება".
ამ განცხადებას მალევე მოყვა პასუხი უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან. ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრეი სიბიგამ განაცხადა, კიევი კატეგორიულად უარყოფს ცალკეული პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობას, თავს მოახვიონ პოლონეთის საზოგადოებას უსაფუძვლო შეხედულება, რომ უკრაინა პოლონეთის დახმარებას არ აფასებს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.
მისი თქმით, უკრაინა ყოველდღიურად მადლობას უხდის ყველა მოკავშირეს იმისთვის, რომ მათუ დახმარებით აძლიერებენ ფრონტის ხაზს. განსაკუთრებულად მადლობლები არიან პოლონეთის და ის ყველაზე ახლო მეგობრებად მიაჩნიათ.
"როდესაც უკრაინა ომშია, ევაჭრო მას რაღაცებზე, რათა მიიღო კიდევ უფრო მეტი, არ არის სწორი და არ უნდა იყოს ჩვენს ურთიერთობებში. ყველასთვის ცნობილია, რა პირობებში მუშაობს უკრაინელი ფერმერი, სიცოცხლის ფასად, დამინულ ტერიტორიაზე და ტყვიების ქვეშ. ამ საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით აიძულო უკრაინა, რომ პოლონეთისადმი მადლიერების ფარგლებში შეურიგდეს საზღვრების დაკეტვას უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის, იგივეა ჩვენთვის, რაც ევთანაზიაზე დათანხმება.
"არაფერია იმაზე უარესი, როდესაც შენი მშველელი საფასურს გთხოვს დახმარებისთვის მაშინაც კი, როდესაც სისხლისგან იცლები" - განაცხადა სიბიგამ.