უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, არ გაიყვანს ჯარს საკუთარი ტერიტორიიდან, როგორც ამას მოსკოვი მოითხოვს.
მედიასთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის კმაყოფილი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების ნებისმიერ ადგილას ჩატარებით, "რა თქმა უნდა, არა რუსეთსა ან ბელარუსში".
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილია უკრაინელი და ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრა სამშვიდობო გეგმის დეტალების განსახილველად.
"ეს არ არის ომის დასრულების გეგმა, პირველ რიგში, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის დიპლომატიის დაწყების გეგმა. ჩვენი მრჩევლები უახლოეს დღეებში შეხვდებიან, ჩვენ შევთანხმდით პარასკევზე ან შაბათზე. ისინი განიხილავენ ამ გეგმის დეტალებს". - თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესს მოუწოდა, მიიღოს უფრო მკაცრი შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი წვლილს შეიტანს ომის დასრულების ძალისხმევაში.








