უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა. რომლის მიხედვით, სანქციების მოქმედების ვადა 50 წელია.
სასანქციო სიაში შესულ ფიზიკურ პირთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.
რაც შეეხება ე.წ. შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს, ესენია რუსული ბუკმეიკერული კომპანიები, ლატარეების ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები, მათ შორის უკრაინაში მოქმედი დაწესებულებებიც.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს სანქციების დაწესების შესახებ და დააყენოს მათთან ანალოგიური ზომების ამოქმედების საკითხი.