მას შემდეგ, რაც ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, ათასობით ადამიანი გამოვიდა კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციაზე.

მედიის ცნობით, გამოსვლები პოლიციასთან და სამხედროებთან შეტაკებებში გადაიზარდა.

პოლიციამ და სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრანტები მათ ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ.

საპროტესტო აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის მარაკაიში, ფალკონის სანაპირო შტატში, დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს მადუროს ქანდაკება, ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა.

ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ, რომელსაც  მადურო და მისი გაერთიანებული სოციალისტური პარტია აკონტროლებენ, კვირას შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 51,2% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა 44%.

დამოუკიდებელმა ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 65%-მა  ხმა მისცა გონსალესს, ხოლო 14%-დან 31%-მდე მადუროს.