ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და გრენლანდიამ მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში.
ახალი ხელშეკრულება არქტიკის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მნიშვნელოვან გაფართოებას ითვალისწინებს და წერტილს უსვამს ბოლო თვეების დიპლომატიურ კრიზისს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კუნძულის შესაძლო ანექსიაზე გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი გრენლანდიის თავდაცვაზე მუდმივ კონტროლს მოიპოვებს, რაც ძალაში დარჩება კუნძულის მიერ მომავალში სრული დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაშიც.
მრავალთვიანი დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით ამერიკული ძალები გრენლანდიაში საკუთარ წარმომადგენლობას დაუყოვნებლივ გაზრდიან. გეგმა კუნძულის სამხრეთ ნაწილში სამი ახალი ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებას ითვალისწინებს.
ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, შეთანხმებაით მკაცრი შეზღუდვები წესდება ნატოს არაწევრი ქვეყნებისთვის. რუსეთსა და ჩინეთს ოფიციალურად ეკრძალებათ გრენლანდიის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯარების განლაგება ან სტრატეგიული ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელება ვაშინგტონის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
ამავდროულად, ხელშეკრულება სრულად ინარჩუნებს გრენლანდიის მიმდინარე პოლიტიკურ სტატუსს.
კუნძული რჩება დანიის სამეფოს სუვერენულ ნაწილად, რითაც ოფიციალურმა კოპენჰაგენმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლების დაცვა შეძლო. სამმხრივი დოკუმენტის ოფიციალური ხელმოწერა მომავალ კვირას, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იგეგმება. ხელშეკრულების საბოლოო ამოქმედებისთვის საჭირო იქნება დანიისა და გრენლანდიის პარლამენტების მიერ მისი რატიფიცირება.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




