კიევის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმე უკავშირდება კორუფციას და კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებლის მშენებლობის გზით ფულის გათეთრებას. მას ასევე განესაზღვრა 140 მილიონი გრივნის (დაახლოებით 3.2 მილიონი დოლარი) გირაო.
გირაოს გადახდის შემთხვევაში ერმაკს დაევალა, რომ არ დატოვოს კიევი, ჩააბაროს საზღვარგარეთის პასპორტები და თავი შეიკავოს ამ საქმეში მონაწილე რიგ პირებთან კონტაქტისგან, მათ შორის თიმურ მინდიჩთან, ყოფილი ვიცე-პრემიერ ოლექსი ჩერნიშოვთან და მკითხავ ვერონიკა ანიკეევასთან.
"ასეთი თანხა არ მაქვს", - განაცხადა ერმაკმა სასამართლოში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მას "საკმარისი მეგობრები და ნაცნობები" ჰყავს და იმედი გამოთქვა, რომ "ისინი შეძლებენ დახმარებას".
"როგორც ადამიანი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დარჩა მაშინ, როცა ბევრს ეგონა, რომ კიევი რამდენიმე საათში ან დღეში დაეცემოდა… მე საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ", - დაამატა მან.
ერმაკმა ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს.
დაცვის მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ხუთი დღე აქვს. ხუთშაბათს მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი წაიკითხა, ხოლო სრული ტექსტი, რომელიც გადაწყვეტილების საფუძველს განმარტავს, 18 მაისს გახდება ცნობილი.







