უკრაინის არმია გაზაფხულზე მზად იქნება შეტევის დასაწყებად, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი სამხრეთში, რუსეთის ფრონტის გაჭრა იქნება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ შეტევის დაწყება დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმს შორის კომუნიკაციის შეფერხება. ასევე არ არის გამორიცხული დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ბელგოროდის რეგიონში მდებარე იარაღის საცავებზე.
რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები რეგულარულად იბომბება. უკრაინელი სამხედროები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო დარტყმების შესახებ. დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი განკუთვნილია უკრაინის ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მაგრამ არა რუსეთის ტერიტორიის დაბომბვისთვის.
სკიბიცკი ამტკიცებს, რომ მოახლოებული შეტევის მიზანია "უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება" და 1991 წლის საზღვრების აღდგენა.