რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა, – ამის შესახებ „ტვიტერში“ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი წერს.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო ბაზარზე 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის მიწოდება გახდა შესაძლებელი.
აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურებოდა.
კუბრაკოვმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეთანხმების დაცვისთვის.