უკრაინული მედიამ რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ხიდი ააფეთქა და აფეთქების ადგილას ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი რუსულ მედიაში მიზეზის დასახელების გარეშე გავრცელდა ცნობა ყირიმის ხიდზე მოძრაობის შეჩერების შესახებ.
3 ივნისის დილით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა და ყირიმის ხიდზე მესამედ, ამჯერად წყალქვეშ, თავდასხმა განახორციელა. 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვედა დონეზე არსებულ სტრუქტურებს. ხიდი ავარიულ მდგომარეობაში, - იუწყებოდა უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით და ავრცელებდა ვიდეოს, რომელზედაც ხიდთან აფეთქება იყო აღბეჭდილი, თუმცა არ ჩანდა აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანება და დაზიანების მასშტაბები.
უკრაინული მედიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით ერთ საათში რუსეთმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებული იყო. ამასთან, მას მოძრაობის შეჩერების მიზეზი არ განუმარტავს.
მოგვიანებით, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ყირიმის ხიდზე „სამი საათით შეჩერებული“ საავტომობილო მოძრაობის აღდგენის შესახებ. მკითხველისთვის მიწოდებული ცნობის თანახმად, უკრაინამ უპილოტო წყალქვეშა აპარატით სცადა ხიდზე იერიშის მიტანა, მაგრამ აფეთქება ხიდის საყრდენი ბურჯიდან გარკვეული დაშორებით მოხდა და მას ნგრევა არ გამოუწვევია.