თვითგამოცხადებული არტახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს.
განკარგულების მიხედვით, მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა, რუსული კონტინგენტის შუამავლობით, მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაადგილება ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის, მათ შორის სამხედროებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს.
ე.წ. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით: "2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებლებს, მოცემული განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, გააცნობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა შემდეგ მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესახებ."