თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, სანტა მარიას კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებულ თავდასხმასა და ერთი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიამის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან და სავარაუდოდ, კავშირი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“.
მინისტრმა თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ სტამბოლში, 30 მისამართზე რეიდები ჩაატარეს და ამ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის მქონე 47 პირი დააკავეს.
სტამბოლის ევროპულ ნაწილში, სარიერის რაიონში მდებარე კათოლიკურ ტაძარში ორი შეიარაღებული პირი 28 იანვარს, დილით, ღვთისმსახურებისას შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მოკლულია თურქი მამაკაცი, რომელიც ნათესავების თქმით, ქრისტიანობის მიღებას აპირებდა.
მედიის ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერთ-ერთი Telegram არხით გაავრცელა ცნობა, რომ მკვლელობა ჩაიდინეს ორგანიზაციის თურქეთის განყოფილების წარმომადგენლებმა, რომლებმაც შეასრულეს ხელმძღვანელობის მითითება - გაუსწორდნენ ქრისტიანებს და ებრაელებს.