ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკების და მასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, „ფოქს ნიუსის“ პროგრამა „ჰენიტის“ წამყვან შონ ჰენიტისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აკისრებს და აცხადებს, რომ ზელენსკი მალე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„ახლა პრეზიდენტ ზელენსკიმ უნდა განახორციელოს ეს“, - განუცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ პუტინთან ალასკაში შეხვედრის შემდეგ. „ვფიქრობ, ისინი პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის შეხვედრას დაგეგმავენ“.

ინტერვიუს დროს ტრამპმა უარი თქვა შეთანხმების მიღწევის შემაფერხებელი ბოლო საკითხების დაკონკრეტებაზე და მხოლოდ ის თქვა, რომ მას სურდა ენახა, რა შეიძლება გააკეთონ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მან სამიტს წარმატებული უწოდა და მას  10-დან 10 ქულა მისცა, იქიდან გამომდინარე, „რომ ჩვენ შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს“.