ნატო უკვე განიხილავს უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლებს მიწოდებას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება მუდმივად იცვლებოდა: ჯერ ყურადღება გამახვილდა ჯაველებზე, შემდეგ არტილერიასა და საჰაერო თავდაცვაზე. ახლა საუბარია მძიმე შეიარაღებაზე - ჯავშანტექნიკაზე, ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე და ტანკებზე.
"ახლა არის დისკუსია თვითმფრინავებზე. ეს განიხილება ხვალინდელ შეხვედრაზე [რამშტაინის ფორმატში]. ახლა მთავარი საკითხი დროა. რადგან მძიმე ტექნიკის გადაცემას დრო სჭირდება. ახლა საჭიროა დახმარების სასწრაფოდ გაგზავნა, რადგან ყოველი დღე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ამჟამად პრიორიტეტია მოკავშირეებმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და მსგავსი მძიმე ტექნიკის უკრაინაში გაგზავნა. ასევე მნიშვნელოვანია მუდმივი კონსულტაცია დახმარების ახალი შესაძლებლობების შესახებ.