"Украинская правда"-სთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საუბრობს საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის და სააკაშვილის ბედის შესახებ და ასევე განმარტავს, თუ რატომ არ ჩასულა აქამდე უკრაინაში და არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებისთვის.
– როგორ ფიქრობთ, უკრაინის მხრიდან, ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესება სწორი ნაბიჯია?
- ვფიქრობ, ძალიან, ძალიან უცნაური იქნებოდა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ თავისი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ხელშეწყობა.
როგორიც არ უნდა იყოს ჩემი შეხედულება - და ზოგ შემთხვევაში ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებებს - ამას ნამდვილად არ გავაკეთებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.
ჩვენ არასდროს ვიქნებოდით ასე ახლოს ევროკავშირთან, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა. და ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის და ძალიან მადლიერია ამის გამო. რადგან ეს ის გზაა, რომელსაც იგი დამოუკიდებლობის დასაწყისში დაადგა და რომელიც არასოდეს შეცვლილა. და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არასოდეს შეიცვლება.
ჩემი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ქვეყანა წავიდეს იმ მიმართულებით, რომლითაც ყოველთვის სურდა წასვლა და ეს ძალიან ახლოსაა. და ეს უკრაინელებისა და უკრაინის მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დამსახურებაა.
ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევუერთდებით ევროკავშირს. შეიძლება, ერთდროულად არა, მაგრამ ერთად ვიქნებით ერთ მხარეს. ეს არის რწმენა, რომელიც მე, ორი კვირის წინ, ევროპარლამენტში გამოვთქვი. და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები - ეს არის ის, რისიც მე გულწრფელად მჯერა.
არ ვფიქრობ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა და მთავრობის ცალკეულმა წევრებმა შეიძლება შეცვალონ ხალხის ღრმა მისწრაფებები. და ეს მთავრობა, რომელიც დღეს საქართველოში გვყავს, ქართველმა ხალხმა ევროკავშირში მალე გაწევრიანების პროგრამით აირჩია. და ეს არის ის, რაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, რომლის დაცვასაც მე ვცდილობ - არ შევეცდები, დავიცავ.