ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ აშშ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას ყურადღებით დააკვირდება.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელ ვედანტ პატელს ჰკითხეს, "უქმნის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება საფრთხეს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს". პატელმა კვლავ გაიმეორა, რომ "პირდაპირი ფრენების აღდგენა მზარდი შეშფოთების საგანია არა მხოლოდ შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან სანქციების ქვეშ მყოფ თვითმფრინავებს".
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მან კვლავ აღნიშნა, რომ "მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო რუსეთისგან დისტანცირებულია, მასთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არ არის"
კითხვაზე, "ავიამიმოსვლა უკვე 19 მაისიდან განახლდება და მოსალოდნელია თუ არა სანქციები?", ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ შეშფოთება მკაფიოდ გამოხატეს და მკაფიოდ განაცხადეს ისიც, რომ რუსულ თვითმფრინავებს აკრძალული აქვთ აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა. ამიტომ, პატელის თქმით, სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, აქვს თუ არა რაიმე გზავნილი საქართველოში აქციების მონაწილეებისადმი, რომლებიც რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აპროტესტებენ. აღნიშნულის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ "უკვე ნათქვამს ვერაფერს დაამატებს".