საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. გაერთიანებულ, მშვიდობიან საფრანგეთს თავისი საუკეთესო გვერდები ჯერ კიდევ დასაწერი აქვს. ჩვენ მომავლის ქვეყანა ვართ. სწორედ იმიტომ, რომ მიყვარს საფრანგეთი და ფრანგი ხალხი, გადავწყვიტე, პრეზიდენტობისთვის ვიყარო კენჭი“, – განაცხადა ატალმა.

გაბრიელ ატალი ამჟამად საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსის” ლიდერია.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს არის დაგეგმილი. საფრანგეთის კონსტიტუციის მიხედვით, მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მესამე ვადით კენჭისყრა აღარ შეუძლია.

როგორც მედია წერს, ამჟამად გამოკითხვებში ლიდერობს ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება.” პარტიის მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად მარინ ლე პენი რჩება, თუმცა ლე პენი ელოდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახსრების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე, რამაც შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდოს.
მარინ ლე პენი კენჭისყრაში მონაწილეობას თუ ვერ შეძლებს, მის შესაძლო შემცვლელად ჯორდან ბარდელა მოიაზრება.